თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით საგანელიძე საკრებულოში ფრაქცია - „ჩვენი თბილისის“ დატოვების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.
ამის შესახებ დავით საგანელიძის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია საკრებულოში ახალი ფრაქცია - „თბილისის“ შექმნის შესახებ, რომლის წევრები ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, კობა დავითაშვილი და ნათელა მაჭავარიანი იქნებიან.
საგანელიძის ინფორმაციით, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ფრაქციის შექმნის საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ იგი დატოვა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ფრაქციის გარეშე დარჩნენ.
„გვინდა განვაცხადოთ, რომ კობა დავითაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“ - აცხადებს საგანელიძე.
განცხადების თანახმად, რეალურად ფრაქციის დაშლის მიზეზი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების - ზურაბ აბაშიძის და ვიქტორ დოლიძის მიერ 26 აპრილს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადებები იყო.
საგანელიძის ინფორმაციით, განცხადებები ფრაქცია „ჩვენი თბილისიდან“ გასვლას ეხებოდა, რაც მომავალში ახალი ფრაქციის შექმნის მიზნით გაკეთდა.
