პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჰოლანდიის ელჩი მივიდა
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჰოლანდიის ელჩი მივიდა
19:00 18.05.2012
პარლამენტის წინ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომელზეც გუშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ მსვლელობაზე მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.
აქციაზე ჰოლანდიის ელჩი პიტერ ანდენბერგი მივიდა, რომელმაც გუშინდელი ინცინდენტი დაგმო და აღნიშნა, რომ ჰომოფობია დასავლეთის ქვეყნებში მიუღებელია.
აქციის მსვლელობისას ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ელიზბარმა აქციის მონაწილეებს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება ურჩია, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ, მალევე განიმუხტა.
აქციის მონაწილეები იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებმაც მათივე განცხადებით, გუშინდელი მსვლელობის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ გაგოშაშვილმა განუცხადა, LGBT ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს.
„ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რაც მოხდა გუშინ, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ჩვენი აქტივისტები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ“ - აღნიშნა მარიამ გაგოშაშვილმა.
ფილარმონიასთან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია გუშინ გამართეს და თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
მსვლელობის პროცესში, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს ახალგაზრდების ჯგუფი გადაუდგა წინ და მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი - ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს. გარკვეული დროის შემდეგ მათი ნაწილი გაათავისუფლეს.

ბეჭდვა