დამწყები ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოცხადდა
დამწყები ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოცხადდა
16:37 18.05.2012
თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ ფოტო და ბეჭდური მედიის მიმართულების დამწყები ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის პირობები და ამოცანები დღეს საზოგადოებას ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლექსო ჯიქიამ და გაზეთ „ვერსიის“ მთავარმა რედაქტორმა მაია ფურცელაძემ გააცნეს.
მათი თქმით, კონკურსის „მე ვირჩევ პრესას!“ მთავარი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ფოტოჟურნალისტების აღმოჩენაა.
კონკურსით დაინტერესებულ პირებმა თემაზე „თავისუფალი პრესა“ შექმნილი ბეჭდური და ფოტო ნამუშევრები 31 მაისის ჩათვლით, თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სპეციალურ პროგრამაში უნდა ატვირთონ.
გამარჯვებულები ორი მეთოდით გამოვლინდებიან. ერთ ნაწილს გამომცემლებისა და მედიაექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს. ნამუშევრები ორიგინალურობის, ეთიკურობისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით შეფასდებიან. გამარჯვებულებს წამყვან ჟურნალ-გაზეთებში დასაქმების საშუალება ექნებათ.
ხოლო მეორე ნაწილი ორგანიზაციის „ფეისბუქის“ გვერდზე შესული ვიზიტორების მიერ მიცემული ხმების ე.წ ლაიქების რაოდენობით გამოვლინდება. კონკურსის ეს ნაწილი ორეტაპიანი იქნება. ხუთი მონაწილე, რომელიც 10 ივნისამდე ყველაზე მეტ „ლაიქს“ დააგროვებს, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა. მათ შორის გამარჯვებული ის იქნება, ვისაც 17 ივნისისთვის ყველაზე მეტი მოწონება ექნება.
გამარჯვებული სტატიის ავტორი ციფრულ დიქტოფონს, ხოლო ფოტოს ავტორი პროფესიონალურ ფოტოაპარატს მიიღებს.
კონკურსში გამარჯვებულები 23 ივნისს დაჯილდოვდებიან.

ბეჭდვა