27 მაისს დაგეგმილი აქციისთვის საათანადო პირობების შექმნა მერიამ მალხაზ კუნელაურს დაავალა
27 მაისს დაგეგმილი აქციისთვის საათანადო პირობების შექმნა მერიამ მალხაზ კუნელაურს დაავალა
14:15 18.05.2012
თბილისის მერიამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ 27 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით უფლებამოსილ პირად მალხაზ კუნელაური დანიშნა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, კუნელაური ვალდებულია მერიის მხრიდან აქციისთვის სათანადო პირობების შექმნა უზრუნველყოს.
თბილისის მერიაში დღეს აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას კოალიცია „ქართული ოცნების“ 27 მაისის აქციის ორგანიზატორი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიადი ძიძიგური, კოალიციის იურიდიული სამსახურის უფროსი ზაქარია ქუცნაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე კოლაციის წარმომადგენელებმა აქციაში მონაწილების მიღების მსურველ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, რამდენიმე საკითხი განიხილეს - თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობისთვის სათანადო დროის გამოყოფა (2012 წლის 27 მაისის 01.00 საათიდან) და შესაბამისი პირობების შექმნა (სამუშაოების წარმოებისთვის გზის გადაღობვა); ელექტროგახმოვანებისთვის ელექტროენერგიის წყაროებსა და რადიოფიცირების სისტემაზე დაშვების საკითხი; ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის ამაღლებული სცენების და დაცული ადგილების შექმნა და სხვა.
კოალიციის წარმომადგენლებმა თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ცალკე შეხვედრა მოითხოვეს, რადგან 27 მაისს მანიფესტაციისა და შეკრების ჩატარებისას ქუჩების დროებით გადაკეტვის გამო, საცობები თავიდან იქნეს აცილებული. ასევე, წინასწარ განისაზღვროს და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული მარშუტების შესახებ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 1 მაისს, მერიას გაფრთხილება წარუდგინა და კოალიციის მიერ 27 მაისს დანიშნულ აქციასთან დაკავშირებით, უფლებამოსილი წარმომადგენელის გამოყოფა მოითხოვა.

ბეჭდვა