საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიში და განახლებული ვებ-გვერდი მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დღეს წარადგინა.
როგორც მან ეროვნულ მუზეუმში ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა.
მისი თქმით, ეროვნული მუზეუმს გასულ წელს 175 954 დამთვალიერებელი ჰყავდა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, გასულ წელს მოხდა ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული გალერეის რეაბილიტაცია, მუზეუმებში იმატა ღონისძიებათა რაოდენობამ. 2011 წელს მუზეუმის აუდიტორიამ 114 ღონისძიებას უმასპინძლა.
მისივე თქმით, თვინინგის პროექტის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურიდან ნამუშევრები საცავებში გადაიტანეს.
2011 წლის ანგარიშში ასევე აისახა, საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული 25-ზე მეტი პროგრამაც.
დავით ლორთქიფანიძემ 2012 წლის პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება.
„წელს გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო გეგმები. შემოდგომაზე მესტიისა და ახალციხის მუზეუმებს განვაახლებთ. დაწყებულია ვანის მუზეუმის განახლება. ახალი გამოფენებია ეროვნულ გალერეაშიც“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, მუზეუმის განახლებული ვებ-გვერდის - www.museum.ge ფუნქცია საზოგადოებასთან მუდმივ კონტაქტში ყოფნაა.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა. მუზეუმები 18:00 საათმდე ღიაა.
