ანაკლიაში ჩერქეზული დღეები გაიმართება
ანაკლიაში ჩერქეზული დღეები გაიმართება
11:38 18.05.2012
21-22 მაისს ანაკლიაში ჩერქეზული დღეები გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, 21 მაისს იმ ადგილებში, სადაც მე-19 საუკუნეში ოსმალოთა იმპერიაში გადასახლებულმა ჩერქეზულმა მოსახლეობამ გაიარა, ზღვაზე გემებით გასვლა და წყალში გვირგვინების გაშვება იგეგმება.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ სიმბოლური ჟესტით ღონისძიების მონაწილეები რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ამავე დღეს, ანაკლიის ცენტრში ჩერქეზთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნება.
22 მაისს კი, ანაკლიაში ჩერქეზული დღეები სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდება. კერძოდ, მოეწყობა ტრადიციული ხელნაკეთი ჩერეზული ნივთების გამოფენა. გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
ასევე, ანაკლიის სასტუმრო „ოქროს საწმისში“ სამეცნიერო კონფერენცია -„ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შედეგები“ გაიხსნება.
ჩერქეზული დღეები 22 მაისის საღამოს, განმუხურის ამფითეატრში ჩერქეზული და ქართული ანსამბლების მონაწილეობით საზეიმო გალაკონცერტით დასრულდება.

ბეჭდვა