ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გერმანული კვირეულის ფარგლებში, თსუ-ს ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ფოლკერ ლინევებერი და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები ეწვევიან.
ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობა სხვადასხვა ორგანიზაციის და ფონდის მხარდაჭერით, ასევე, პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ხელშეწყობით ხორციელდება.
