საჯარო ბიბლიოთეკაში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში
ჯონ ბასმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიზანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზოგადოების შეკრებისა და აქტუალური საკითხების განსახილველად ხელსაყრელი პირობების შექმნა აუცილებელია. ამერიკის მთავრობამ საქართველოში დემოკრატიული ჩართულობის ათი ცენტრის გახსნა 5 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა.
აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის თქმით, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მტკიცე დემოკრატიული კულტურისა და კონკურენტული გარემოს ხელშეწყობისთვის ასეთი ცენტრების შექმნა საჭიროა.
,,ყველა ამბობდა, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საშუალება შეკრებილიყვნენ რეგიონებში და მოსახლეობასთან შეხვედრები გაემართათ, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია“ - აღნიშნა ბასმა.
დიპლომატის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაიხსნა დემოკრატიული ჩართულობის ცხრა ცენტრი, მალე მათ მეათეც შეემატება.
პროექტის ავტორთა თქმით, თითოეულ ცენტრში არის ბიბლიოთეკა და ინტერნეტი.
ცენტრების თანამშრომლებს თემატური ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება შეუძლიათ, მათ შორის პოლიტიკოსებთან და წინასაარჩევნოდ წარდგენილ კანდიდატებთან.
სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ჯგუფების, ასევე, პოლიტკური პარტიების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რიგითობის პრინციპით ამ ცენტრებით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ.
