ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზურის შეფასებით, დავით გარეჯის სადაო ტერიტორიის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩენის შემთხვევაში, იქ არსებულ კულტურულ
მემკვიდრეობას სრული განადგურების საფრთხე დაემუქრება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისტორიკოსმა განაცხადა, გარეჯის აღნიშნული ისტორიული ძეგლები ქართული საზოგადოების, მეცნიერებისა და ქართული სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ იყო.
ოთხმეზურის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, ხოლო კულტურის მინისტრმაც ამ საკითხზე საქმეში ჩაუხედავად ისაუბრა.
„ნინო კალანდაძის კომენტარის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა, რომელიც კალანდაძის შეფასებას დაეყრდნო და აღნიშნეს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია მართლაც აზერბაიჯანს ეკუთვნის. კალანდაძეს ამ განცხადების ნაცვლად, უნდა ეთქვა, რომ მესაზღვრეების განლაგებასთან დაკავშირებით უბრალო გაუგებრობაა, რომელიც მალე მოგვარდებოდა“ - აღნიშნა ოთხმეზურმა.
მისივე თქმით, არსებობს ვერსია, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა.
ისტორიკოსის განმარტებით, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაიდო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოებს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვები ქვეყნის საზღვრებად უნდა დარჩენილიყო.
„თუმცა იმ დოკუმენტში საუბარი არ იყო იმაზე, რომ საზღვრები უცვლელად დაეტოვებინათ. აქედან გამომდინარე, უდაბნოს მონასტერი, რომელიც პირდაპირ თხემზე მდებარეობს, პირობითად საზღვრად აღინიშნა“ - განაცხადა ისტორიკოსმა.
მისივე თქმით, ამბობენ, რომ საზღვრის დადგენაზე კომისია მუშაობს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, უცნობია ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს და ვინ მუშაობს ამ კომისიაში.
ოთხმეზური მიიჩნევს, რომ კომისიის შემადგენლობაში ისტორიკოსები და კარტოგრაფები უნდა შევიდნენ.
