20 მაისს „შავფაროსნები“ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ
20 მაისს „შავფაროსნები“ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ
13:32 17.05.2012
ქართული საბრძოლო ხელოვნების „შავფაროსნების“ წევრები უდაბნოს ტერიტორიაზე ქართველმა მესაზღვრეებმა არ შეუშვეს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „შავფაროსნების“ ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ქოქოსაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვართან მდებარე მონასტრების მონახულებასთან დაკავშირებული პრობლემების ადგილზე გასაცნობად გარეჯში თბილისიდან ასამდე მოქალაქე ჩავიდა.
„გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პირველ ნაწილში შესვლაზე პრობლემები არ შეგვქმნია, თუმცა, პრობლემა შეიქმნა უშუალოდ უდაბნოს ტერიტორიაზე განლაგებული ქართული ლავრების მონახულებაზე“-განაცხადა ირაკლი ქოქოსაძემ.
ქოქოსაძის განმარტებით, მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საერთოდ არ უნახავთ, თუმცა, ქართველმა მესაზღვრეებმა ისინი გარკვეულ ტერიტორიაზე შეაჩერეს და უდაბნოს მონასტრის მონახულების უფლება არ მისცეს.
მისივე თქმით, მესაზღვრეებმა ტერიტორიაზე არშეშვების ორი ძირითადი მიზეზი დაასახელეს.
„ჯერ განგვიცხადეს, რომ გზა იყო ჩამოშლილი და ჩვენთვის გადაადგილება სახიფათო იქნებოდა, შემდეგ გვითხრეს, რომ ეშინოდათ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან კონფლიქტი არ მოგვსვლოდა და ამიტომ ვერ გაგვიშვებდნენ. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი შიში დადასტურდა და ნამდვილად ის ტერიტორია, სადაც ადრე გადაადგილება შეუფერხებლად ხდებოდა, ახლა ქართველებისთვის ხელმისაწვდომი არ არის“ - აღნიშნა ქოქოსაძემ.
მისივე თქმით, უდაბნოს ტერიტორიაზე განლაგებულ ლავრებში ახლა მხოლოდ ბერებს უშვებენ.
ქოქოსაძის თქმით, მათ ამ შემთხვევაში პრეტენზიები არა აზერბაიჯანელებთან, არამედ ქართულ ხელისუფლებასთან აქვთ.
კონკრეტულად კი, მათთვის მიუღებელია, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.
აღნიშნულ განცხადებებს ქოქოსაძის თქმით, „შავფაროსნები“ 20 მაისს გააპროტესტებენ. ისინი ვაკის პარკიდან პარლამენტამდე ფეხით მსვლელობას მოაწყობენ, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართება.

ბეჭდვა