ომბუდსმენი საზოგადოებას სექსუალური უმცირესობების პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
ომბუდსმენი საზოგადოებას სექსუალური უმცირესობების პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
11:28 17.05.2012
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორსა და მედიას სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა პრობლემებით დაინტერესებისკენ  მოუწოდებს. ამის შესახებ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჰომოფობია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი პირების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ხშირია.
„მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს. მათ შორის - ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი მოქალაქეების უფლებებით და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება“ - ნათქვამია ტუღუშის განცხადებაში.
მისივე თქმით, ყველამ ერთად ისეთი გარემოს შექმნა უნდა შეძლოს, რომელიც ნებისმიერი სახის სიძულვილისგან თავისუფალი იქნება და სადაც, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, ყველა თანასწორი იქნება.
17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 1990 წლის 17 მაისს დაავადებათა ნუსხიდან ჰომოსექსუალობის ამოღებას უკავშირდება.

ბეჭდვა