თბილისის მაშველთა ბრიგადები მუშაობის საგანგებო რეჟიმში რჩებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სამაშველო
ბრიგადები გულიას მოედანზე გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობენ.
მათი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოძახებები ძირითადად, სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ეხებოდა, მსგავსი ტიპის 40-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
მაშველთა ბრიგადები ამ დროისთვის ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში რჩებიან. ორთაჭალაში კი, ყოველდღიურად 8 სამაშველო მანქანაა მობილიზებული.
გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამაშველო სამსახურში სახანძრო გამოძახებაც დაფიქსირდა. ვაკეში მდებარე მრავალსართულიან შენობაში, მე-6 სართულზე 150 კვადრატული ფართის სამზარეულო დაიწვა.
მათივე ცნობით, სამაშველო ბრიგადებმა თბილისის ზღვაზე დახრჩობას 3 მოზარდი გადაარჩინეს. ბავშვები მოქალაქემ დაინახა და სამაშველო სამსახური გამოიძახა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
