კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს
შეხვდებიან და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს გააცნობენ.
მათი ინფორმაციით, მრგვალ მაგიდაზე, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მოწვეული.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზეც ისაუბრებენ. ასევე, ისინი იმ წინადადებებს წარადგენენ, რომელიც მათი აზრით, ქვეყანაში მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„ეს შენ გეხებას" მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს. ახალი ეტაპი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
