„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გოგა ხაჩიძეს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მარიამჯვარის დაცულ ტერიტორიაზე ხე-ტყე იჩეხება.
მისი თქმით, მოსახლეობამ შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართა, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
„მივმართავთ გარემოს დაცვის მინისტრს, მარიამჯვარის დაცული ტერიტორიის დასაცავად სათანადო ზომები მიიღოს. ვინაიდან, ამ ეტაპზე აღნიშნული ტერიტორიის დასაცავად არაფერი კეთდება, რის გამოც წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური სახეობები და მთლიანად დაცული ტერიტორიის ტყის მასივი ნადგურდება“ - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
მისი თქმით, მარიამჯვარის ნაკრძალი თბილისიდან 60 კილომეტრში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს მდებარეობს. ნაკრძალის ფართობი 1 040 ჰექტარია.
