თინა ხიდაშელი ბიუჯეტის ცვლილებებში პრიორიტეტებს არასწორს უწოდებს
თინა ხიდაშელი ბიუჯეტის ცვლილებებში პრიორიტეტებს არასწორს უწოდებს
15:49 16.05.2012
თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებში განსაზღვრულ პრიორიტეტებს არასწორს უწოდებს.
როგორც ხიდაშელმა დღეს საკრებულოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან სხდომაზე, 12 მაისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების ანგარიში მოითხოვა.
„ვითხოვდი ანგარიშს იმის შესახებ თუ რა მოხდა თბილისში. იქნებ 12 მილიონი ლარის ზარალი მიადგა ან ორის, როცა ასე მოჭრილად შემოდის 3 მილიონიანი ცვლილება, არასერიოზულია. მერიამ უნდა გაგვაგებინოს რაში აპირებს ფულის დახარჯვას“ - განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც საკრებულოში არცერთი დოკუმენტი არ მოაქვთ იმის დასტურად თუ რაში იხარჯება თანხები, პრიორიტეტების განსაზღვრა რთულია.
„ამ ცვლილებას ხმა იმიტომ მივეცი, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ჯობია რაღაც თანხა მაინც დაიხარჯოს“ - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისი თქმით, მან, ასევე, მოითხოვა 2008 წლიდან ჩატარებული ტენდერების შესახებ მასალა, რომლებიც სანიაღვრე ქსელებისა და არხების გაწმენდას ეხება.
„თბილისის წყალს“ პირველად ხელშეკრულებაში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის შესახებ ვალდებულება ეწერა. თბილისელებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რატომ მიადგა ქალაქს ასეთი ზარალი, მაშინ, როდესაც ამ საქმეზე უამრავი მილიონი დაიხარჯა“ - განაცხადა ხიდაშელმა და განმარტა, რომ თანხა გაფლანგულია, საკრებულოს წევრებს პასუხი არა აქვთ და დოკუმენტებს ამიტომ ვერ წარმოადგენენ.
საკრებულოს საგანგებო სხდომაზე სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახამად, მერიის სარეზერვო ფონდში 3 მილიონი ლარი გადაირიცხება.

ბეჭდვა