თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი საკრებულოს დეპუტატის თინა ხიდაშელის ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს.
ამის შესახებ შოშიაშვილმა საკრებულოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე კითხვების დასმის დრო არ იყო, რადგან იგი მხოლოდ გადაწყვეტილების დროულად მიღებისთვის დაინიშნა.
„სწორედ იმიტომ ჩატარდა საკრებულოს სხდომა, რომ თითოეულ ოჯახამდე დახმარება დროულად მივიდეს. ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის და არა სპეკულირება ან პოლიტიკური განცხადებები“ - განაცხადა შოშიაშვილმა.
მისი განმარტებით, ხიდაშელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი დღეს, ისევე, როგორც გუშინ წარმოდგენილი იქნა.
„ამ ადამიანებს განცხადებების გაკეთება უნდათ და ახლა მემგონი ხუმრობის დრო არ არის“ - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ისინი უახლოეს დღეებში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდებიან, სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ და დაზარალებულების დასახმარებლად ადექვატურ ზომებს მიიღებენ.
შოშიაშვილმა ასევე, განმარტა, რომ შესაძლოა, აღნიშნული თანხა მათ დასახმარებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში თანხის დამატება მოხდება.
დღევანდელ საკრებულოს საგანგებო სხდომაზე სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახამდ, მერიის სარეზერვო ფონდში 3 მლნ ლარი გადაირიცხება.
თინა ხიდაშელმა სხდომაზე იმ დოკუმენტის წარდგენა მოითხოვა, რომელშიც აღნიშნული თანხის ხარჯვა დეტალურად იქნება გაწერილი.
