კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ მანანა მანჯგალაძეს ჟურნალისტებზე ზეწოლის ამსახველი მასალა გაუგზავნა
კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ მანანა მანჯგალაძეს ჟურნალისტებზე ზეწოლის ამსახველი მასალა გაუგზავნა
14:03 16.05.2012
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრებმა პრეზიდენტის პრესსპიკერს მანანა მანჯგალაძეს დღეს წერილი და ვიდეომასალა გაუგზავნეს.

მათი განმარტებით, მასალა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების და დაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან რეგიონულ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს ასახავს.

„11 მაისს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონული მედიის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეული თქვენც ბრძანდებოდით, თუმცა, დასწრება ვერ მოახერხეთ. ამიტომ, გასაცნობად გიგზავნით კონფერენციაზე ჩვენს მიერ გავრცელებული მონიტორინგის მასალებს - ანგარიშს და ფილმს. იმედს ვიტოვებთ, რომ დოკუმენტში ასახული ფაქტებით დაინტერესდებით და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ადეკვატური რეაგირება ექნება“ - ნათქვამია მანჯგალაძისადმი გაგზავნილ წერილში.

ამით, კოალიციის წევრები მანანა მანჯგალაძის მიერ რეგიონული მედიის პრობლემებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ. მანჯგალაძემ გუშინ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციის მიერ აკრედიტებული ყველა ჟურნალისტი პრეზიდენტის ღონისძიებებზე დასწრების სრული უფლებით სარგებლობს. ამასთან, პრესსპიკერის თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, ამ ღონისძიებებზე დასწრების უფლება მედიის რომელიმე წარმომადგენელს არ ჰქონოდა.

მანამდე, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის" ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.

ბეჭდვა