არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თბილისში საგზაო უსაფრთხოების მოედნების მოწყობა დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, საპილოტე პროექტი თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და მის მიმდებარე 171-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე განხორციელდა.
აღნიშნულ მოედნებზე საგზაო აღჭურვილობა, საგზაო ნიშნები, ველოსიპედები და გასართობი საშუალებებია წარმოდგენილი.
პროექტი საგზაო მოძრაობის წესების შესახებ პრაქტიკული ტრენინგებისა და მეცადინეობების საშუალებით, მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ნებისმიერ სკოლას მოსწავლეების ადგილზე მიყვანის და პრაქტიკული თუ თეორიული მეცადინეობების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და ესტონეთის მთავრობა პროექტის გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
მერიის ცნობით, მსგავსი სახის მოედნები ქალაქის სხვადასხვა უბანში მოეწყობა.
