თბილისის საკრებულოს ხვალინდელ საგანგებო სხდომაზე თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ბიუჯეტის ცვლილებები განიხილება.
ამის შესახებ დღეს საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს დროული დახმარება სჭირდებათ.
„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალ შესაბამისი ცვლილებები განვიხილოთ. ცვლილებები დაზარალებულებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას ეხება“ - განაცხადა შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, საქალაქო სამსახურები სტიქიიდან დღემდე აქტიურად მუშაობენ, რის შედეგადაც საკრებულოს დაზარალებულების შესახებ ყველა ინფორმაცია აქვს.
„მერიის მხრიდან იყო განცხადებები, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას გავუწევთ. ყველა ოჯახი, რომელიც თბილისში სტიქიამ დააზარალა, შესაბამის დახმარებას მიიღებს“ - აღნიშნა თამაზ შოშიაშვილმა.
12 მაისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ რამდენიმე უბანი დააზარალა. სტიქიის დროს 5 ადამიანი გარდაიცვალა.
