თსუ-ში გალერეა გაიხსნა
თსუ-ში გალერეა გაიხსნა
15:37 15.05.2012
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუზეუმის საგამოფენო  დარბაზი გაიხსნა. გალერეაში მუზეუმის ფონდებში დაცული სახვითი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.

როგორც თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია XIX ს-ის ბოლო და XX ს-ის ქართველი და უცხოელი მხატვრების ტილოები, რომლებიც უნივერსიტეტის კოლექციაშია დაცული.

„მნიშვნელოვანია, რომ გალერეაში მსგავსი საგანძური გამოიფინა. სტუდენტებს შეეძლებათ გამოფენა დაათვალიერონ და ცნობილი მხატვრების შემოქმედებას გაეცნონ“ - აღნიშნა კვიტაშვილმა.

გამოფენაზე ვალერიან სიდამონ-ერისთავის, იოსებ სუმბაძის, გიგო გაბაშვილის, ჯიბსონ ხუნდაძის და სხვათა ტილოებია გამოფენილი.ამავე დროს გამოიფინა გოგი და ირაკლი ოჩიაურების, კორნელი სანაძის და თემო ყუბანეიშვილის მიერ შესრულებული ილუსტრაციები ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებზე.

„ექსპოზიცია ერთ თვეს გასტანს. გამოფენა მუდმივი იქნება, მაგრამ კომპოზიციები შეიცვლება. გალერეა ყველა სტუდენტისა და დაინტერესებული პირისთვის ღიაა“ - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.

მხატვარმა გია გუგუშვილმა თსუ-ს გალერეას ზეთში შესრულებული ტილო „ქართლი“ აჩუქა.

ბეჭდვა