არასამთავრობო ორგანიზაციები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწყებულ უკანონო მშენებლობის პროცესს აპროტესტებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან საპრტორტესტო აქცია გამართა.
ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, კომპანია „სანიმ“ შპს „ანაკლია განმუხური რესორტის“ დაკვეთით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ველობილიკის მშენებლობა დაიწყო.
მათივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ეს პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც მათი მტკიცებით, არ მომხდარა.
„ნადგურდება უძვირფასესი და უიშვიათესი ჯიშის ხეები. მოვითხოვთ კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა პირადად ჩაერთოს ამ საკითხში და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს მივიღებთ, მათ შორის საპროტესტო აქციებს გავმართავთ“ - განაცხადა აქციაზე „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს არასამთავრობოები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში წერილის შეტანას გეგმავენ.
მჟავანაძის განცხადებით, მათ შესაბამისი მასალა მთავარ პროკურატურასა და კულტურის სამინისტროში უკვე გადააგზავნეს, რომ უკანონო მშენებლობის ფაქტზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებაზე სისხლის სამართლის კოდექსით საქმის წარმოების დაიწყოს.
აქციაში „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“, „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგა“, „ეკოტეკი“, „ენერგოეფექტურობის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ მონაწილეობდნენ.
