არსამთავრობოები ყველას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად იქნეს აღქმული
არსამთავრობოები ყველას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად იქნეს აღქმული
14:43 15.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქომაგთან“ დაკავშირებით განცხდებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ყველას თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც, შესაძლოა, ამომრჩევლის  მოსყიდვად იქნეს აღქმული.
მათი განმარტებით, თავშეკავება საჭიროა, რადგან მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით, წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე.
„ამასთანავე, ამ ქმედებამ, შესაძლოა, პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენოს არამარტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ან მათ სასარგებლოდ მოქმედი პირები, არამედ, მატერიალური სიკეთის მიმღები პირებიც“- აცხადებენ არასამთავრობოები.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაზეთ „რეზონანსის“ 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები ფონდის სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, რაც იწვევს ფონდის საქმიანობის ასოცირებას მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“.
არასამთავრობოების განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე, წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას.
განცხადებას ხელს 5 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ და „მრავალეროვანი საქართველო“.
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიცია ფონდი „ქომაგი“ დღეს დაარსდა. ფონდში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა ოჯახებს მისი მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად, „ქომაგი“ 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს. ასევე, ორგანიზაცია დაეხმარება ყველა მოქალაქეს, ვინც პოლიტიკური აქტიურობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს, დააჯარიმეს, ქონება წაართვეს და ან სხვა ფორმით მისი უფლებები შელახეს.

ბეჭდვა