საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“ დღეს ოფიციალურად დაფუძნდა.
ფონდის მიზანია ქონების აკუმულირება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა
დასახმარებლად და საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისთვის.
ფონდში აცხადებენ, რომ მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია შესაბამის პროგრამებს განახორციელებს, მათ შორის, გასცემს გრანტებს და სხვა.
ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაცია დაეხმარება ყველა მოქალაქეს, ვინც პოლიტიკური აქტიურობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს, დააჯარიმეს, ქონება წაართვეს და ან სხვა ფორმით მისი უფლებები შელახეს.
ფონდის თანამშრომლები და გამგეობის წევრები შეისწავლიან ყველა კონკრეტულ შემთხვევას და პოლიტიკური დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, „ქომაგი“ დაზარალებულებს ადვოკატს გამოუყოფს, აუნაზღაურებს მკურნალობის ხარჯს და დაკარგული ხელფასის ან წართმეული სოციალური შემწეობის კომპენსაციას უზრუნველყოფს.
ფონდში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა ოჯახებს მისი მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად, „ქომაგი“ 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს.
„ქომაგის“ წარმომადგენელთა თქმით, ფონდი მჭიდროდ ითანამშრომლებს იურისტებთან, უფლებადამცველებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან .
ფონდში აცხადებენ, რომ „ქომაგს“ ფინანსურ დახმარებას უცხოეთში მყოფი თანამემამულეები გაუწევენ და ის დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნება.
„ქომაგის“ დამფუძნებლები და გამგეობის წევრები არიან ია მეტრეველი, მარი ჯანაშია, კოტე ჯანდიერი და ლევან გორდეზიანი.
