საია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება
საია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება
11:27 15.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თათული თოდუა საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო  ფორმულირებას ეწინააღმდეგება.
ჟურნალისტებთან საუბარში თოდუამ განაცხადა, რომ საია წინააღმდეგია პრინციპისა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის კონსტიტუციით მსგავსი უფლებების მინიჭებას.
„აღნიშნული ცვლილება ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და მნიშვნელობა არა აქვს კონსტიტუციაში როგორი ფურმულირება ჩაიწერება, ბოლო 5 წელი, 10 წელი თუ სხვა“- აღნიშნა თოდუამ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი ადამიანის, მოვლენის თუ გარემოების გამო ხდება, რაც საია-სთვის მიუღებელია.
„ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, კონსტიტუციას დაემატება შემდეგი შინაარსის 104-ე მუხლით - „2014 წლის 1იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.
საკონსტიტუციო ცვლილებეზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
დღესვე, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს.
პირველი მოსმენით მიღებული ფორმულირების თანახმად კი, საქართველოში ცხოვრების ბოლო 10 წლიანი ცენზი იყო განსაზღვრული.


ბეჭდვა