„საქართველოს მწვანეთა პარტია“ საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის საკითხის მოგვარებას მოითხოვს.
მწვანეთა პარტია დღეს გავრცელებულ განცხადებაში შემაშფოთებელს უწოდებს, ბოლო პერიოდში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.
განცხადების თანახმად, 6 მაისიდან მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ და ტაძარში მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მონასტერში მოღვაწე ბერებმა დაუყოვნებლივ აცნობეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკითხის გარკვევა და მოგვარება სთხოვეს.
„ხელისუფლებას დავით გარეჯის, როგორც საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ ასეთი ბუნდოვანი და ინდიფერენტული დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს. დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მონასტრის ტერიტორიაზე განლაგების უფლება არ აქვთ. თუ საქმე გვაქვს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ფარულ გარიგებასთან, ეს მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს“ - ნათქვამია განცხადებაში.
„მწვანეების“ თქმით, „საქართველოს მწვანეთა პარტია“ ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც საქართველოს კუთვნილი ტერიტორიისა და მონასტრის გასხვისებას წინ აღუდგება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარეჯის უდაბნოში არსებული ტერიტორია, რომელთან დაკავშირებით ბოლო დღეებში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან დავა წარმოიშვა, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს შემადგენლობაში არ არის და ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.
