„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის საკანალიზაციო სისტემა გამართულად ფუნქციონირებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის საკანალიზაციო სისტემა გამართულად ფუნქციონირებს
17:57 14.05.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის საკანალიზაციო სისტემა და მათ შორის, საკანალიზაციო  კოლექტორები სრულ წესრიგშია და გამართულად ფუნქციონირებს.
ამის შესახებ კომპანიამ განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის გიორგი გუგავას ბრალდების საპასუხოდ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, კოლექტორებს საპროფილაქტიკო სამუშაოები ყოველთვიურად უტარდება, საჭიროების შემთხვევაში კი, მათზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
„ამასთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მე-4 წელია გეგმის მიხედვით გაწერილი სარეაბილიტაციო პროგრამის შესაბამისად, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სრული რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს“- ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში ასევე, განმარტავენ, რომ თბილისის საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, ბოლოდროინდელ სტიქიურ მოვლენებს შესაძლებელია გაცილებით დიდი უბედურება და სავალალო შედეგები გამოეწვია.
„ლეიბორისტმა“ გიორგი გუგავამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკანალიზაციო-საკოლექტორო სისტემის რეაბლიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარი მიითვისა, რის გამოც, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ტრაგედია გამოიწვია.

ბეჭდვა