ტელეკომპანია „კავკასიაში“ „ლეიბორისტული პარტიის“ ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებენ.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბარში ტელეკომპანიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, ის „ლეიბორისტების“ განცხადებებით არ ინტერესდება და არც „კავკასიაზე“ მათი აზრი აღელვებს.
„საერთოდ არ მაინტერესებს „ლეიბორისტების“ პრეტენზიები. ამ ხალხზე სერიოზულად ლაპარაკი არ შემიძლია. გულწრფელად არ მაინტერესებს მათი აზრი ან მოსაზრება, იმიტომ, რომ ამდენი სიბინძურე და ამდენი ტყუილი ცოტა ვინმეს პირიდან თუ გადმოედინება. უკვე ისეთ ზღვარს გასცდნენ, როდესაც ამ ყველაფრისთვის სერიოზულად შეხედვა, აღქმა, პასუხი ან რეაგირება აბსურდია. მაშინ მეც არანორმალური უნდა ვიყო, რომ ვუპასუხო“ - აღნიშნა ჯანგირაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ტელეკომპანია „კავკასია“ დღეს ანტილეიბორისტულ კამპანიაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, პატრონის რანგში, მის მიერ ნაყიდი მოქრთამული ტელეკომპანია „კავკასია” მოინახულა.
„იმედია ახლა მაინც მიხვდება ხალხი თუ ვინ უხდის ამ ტელეკომპანიას ფულს ანტილეიბორისტული პროპაგანდის აგიტაციაში და კიდევ იმაში, რომ უკვე ნახევარი წელია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ლეიბორისტული პარტიის გამოჩენა აკრძალულია“ - განაცხადეს მათ. ლეიბორისტების აზრით, ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ტელეკომპანია „კავკასიას“ ეკისრება.
