„გერმანული კვირეული“ თბილისში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება
„გერმანული კვირეული“ თბილისში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება
14:34 14.05.2012
გერმანია და საქართველო ორმხრივი ურთიერთობების 20 წლის იუბილეს ზეიმობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისში ”გერმანული კვირეული” იმართება.

დღეიდან 20 მაისამდე გერმანიის საელჩო ყველა გერმანულ ორგანიზაციასა და პარტნიორთან ერთად, საზოგადოებას თბილისში გერმანულ-ქართული ურთიერთობების მრავალფეროვნებასა და საქართველოში გერმანული მხარის აქტიური მუშაობის შედეგებს წარუდგენს.

როგორც „ნიუსპრესს“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, მრავალფეროვანი პროგრამა შეიქმნა - ფილმებისა და ლიტერატურის საღამოები, კონცერტები, დისკუსიები, საინფორმაციო ღონისძიებები, ექსკურსიები, დებატები და სხვა. კვირეულის ფარგლებში დედაქლაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში საზოგადოებისათვის გამოფენა ”გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე” გაიხსნება, რომლის დათვალიერებაც 22 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

თბილისის ივენთ ჰოლში დაგეგმილია გერმანიის ეკონომიკის მესამე გამოფენა საქართველოში - ”ექსპო გერმანია”, სადაც ორმოცდაათზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

გერმანულ სახლში ღონისძიება ”განვითარების სფეროში გერმანულ-ქართული თანამშრომლობის 20 წელი - წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში განათლების სფეროს მეორე გერმანულ გამოფენას გახსნის.

”გერმანული კვირეული” 19 მაისს, გოეთეს ინსტიტუტის ეზოში „მაისის ზეიმით“ დასრულდება.

ბეჭდვა