მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით,
საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. მან შვილი მეფედ თავისსავე სიცოცხლეში გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დადეს და 12 წლის მონარქის წინაშე მუხლი მოიყარეს.
თამარის მეფობის დროს საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საგულისხმოა, რომ სწორედ თამარის დროს იყო საქართველო ტერიტორიულად ყველაზე დიდი.
თამარმა რუმის სულთნის რუქნადინის წინააღმდეგ ლაშქრობის წინ ვარძიის ღვთისმშობელს ქართველთა მხედრობა შეავედრა, შემდეგ ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს წინ და ქალაქის კარამდე მიაცილა.
„მერმე თვით მიიქუა პატიოსანი ჯუარი ხელთა თვისთა და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დალოცა და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი“.
ღმერთმა წმიდა მეფის ლოცვა შეისმინა. ქართველებმა ბასიანთან სასტიკად დაამარცხეს მტერი. ამ ომში ქართველთა გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ქრისტიანობისთვის.
ამგვარმა გამარჯვებებმა თამარი კიდევ უფრო ღვთისმოსავი გახადა. დღისით იგი სამეფო ბრწყინვალებით მოსილი, ბრძნულად განაგებდა საქვეყნო საქმეებს, ღამე კი, მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და თავის ნამუშევრებს გლახაკებს უნაწილებდა.
თამარ მეფე 1 213 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღემდე საიდუმლოებითაა მოცული მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. იგი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
