ეკლესია ხვალ სამარიტელის კვირას აღნიშნავს
ეკლესია ხვალ სამარიტელის კვირას აღნიშნავს
16:31 12.05.2012
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ სამარიტელის კვირას აღნიშნავს.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულება.

საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათზე აღავლენს.

ეს დღესასწაული ამქვეყნიური ცოდვების დათრგუნვასა და სულიერ ღირებულებებზე ფიქრთან ასოცირდება.

წმინდა სახარება მოგვითხრობს, უფალი იესო ქრისტე გალილეის მხარისკენ მიემართებოდა. სამარიის ქალაქ სუქარში, წყაროსთან მოსასვენებლად ჩამოჯდა, სადაც სამარიტელ დედაკაცს გაესაუბრა და იმ სათნოებაში დამოძღვრა, რომელსაც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ეწოდება.

სამარიტელ დედაკაცთან შეხვედრა შემთხვევითი არ იყო, რადგანაც უფალს სარწმუნოებაში ჭეშმარიტების მარცვლის დათესვა ყველგან სურდა.

სახარების ეს მონაკვეთი, რომელსაც დღესასწაულზე წაიკითხავენ მაცხოვრის მიმართ სამარიტელი დედაკაცის მიერ ნათქვამი სიტყვებით იწყება: „უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც თაყვანისცემა გვმართებს. გვითხარი სად გვმართებს ღვთის თაყვანისცემა“.

და მიუგო უფალმა: „დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.“

სახარების ეს მონაკვეთი მიგვანიშნებს, რომ მთავარი არა მხოლოდ გარეგნულად თაყვანისცემა არამედ უფლის სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისცემაა.

მიუხედავად დედაკაცის ცოდვიანი ცხოვრებისა, მასში ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის „ადგილის“ მოძიების დაფარული სურვილი იყო. მასში ღვთის სიტყვის მისაღებად და დასაჯერებლად საკმარისი სარწმუნოება აღმოჩნდა.

სამარიტელი დედაკაცის მაგალითით, უფალი ლოცვისა და თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს.

ბეჭდვა