საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, თბილისის იუსტიციის სახლი საქართველოში ყველაზე საინტერესო არქიტექტურის მქონე გრანდიოზული შენობა იქნება. მისი თქმით, მასში მომხმარებელი ყველა საჭირო დოკუმენტს გამარტივებული რეჟიმით მიიღებს.
“ეს იქნება მთავრობის მხრიდან ხალხის მომსახურების დიდი უნივერმაღი“-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში განხორციელებული რეფორმებით მთელი მსოფლიო დაინტერესებულია.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქართული რეფორმების შესასწავლად მხოლოდ გასულ კვირაში ქვეყანაში შვიდი ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა
სააკაშვილის თქმით, თბილისის იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით ისარგებლონ, მოსახლეობა ასევე შეძლებს სახელმწიფო სერვისები ავტომობილიდან გადაუსვლელად Just Drive - ის მეშვეობით მიიღოს. ამას გარდა, სიახლე იქნება Just Cafe, რომელშიც ორმაგ მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებელს - ფინჯან ყავასთან ერთად, მას შეეძლება განაცხადის შევსება მისთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, რაშიც იქვე მყოფი ოპერატორი დაეხმარება.
პრეზიდენტი თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა.
დღესვე, იგი ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ახალი აგრარული ბაზრის მშენებლობითაც დაინტერესდა.
ორსართულიანი საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. აქვე იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, სადაც თითოეული პროდუქტი შემოწმდება. ასევე, მოეწყობა 200 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი. სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული
