„თავისუფალი აზრის სახლში“ დღეს ანალიტიკური პროექტის – „რეალური რისკები რეალურ საქართველოში” VI ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციას და საქართველოში ეკოლოგიურ რისკებს ეხებოდა.
ძირითადი მოხსენებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროფესორი თენგიზ ურუშაძე გამოვიდა, რომელმაც ქვეყანაში არსებულ გლობალურ და ეროვნულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, მის ანალიზზე და ნეგატიური მოვლენების თავიდან აცილების გზებზე ისაუბრა.
როგორც ურუშაძემ აღნიშნა, ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციის რეალიზაციისთვის სამი რგოლის ეფექტური მუშაობაა საჭირო. მათ შორისაა, საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობის და ტერიტორიის დაცვის სამსახურისა და მუდმივმოქმედი ეკოლოგიური კომისიის შექმნა,
ასევე, სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის ტრადიციული და მნიშვნელოვანი სექტორის განვითარება.
მისივე თქმით, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების გარეშე, ქვეყანას ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები ემუქრება.
კონცეფციის მიზანი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა და მომავალი თაობისთვის ქვეყნის უნიკალური ბუნების შენარჩუნებაა.
