რეგიონული მედიის წარმომადგენლები მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.
ამ თემაზე რეგიონული მედიის ასოციაციისა და კოალიცია „არჩევანი თვისუფლებისთვის“ ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა იმართება, რომელსაც მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების - NDI, IREX, ევროკავშირის, დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იმ პრობლემების წარმოჩენაა, რომლებიც ჟურნალისტებს ფაქტების გაშუქებისას ექმნებათ.
მამალაძის თქმით, საზოგადოებას ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგიონულ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს გააცნობენ.
როგორ მან განმარტა, საუბარია არა მხოლოდ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაზე, აპარატურის წართმევასა და მოპოვებული ინფორმაციის ხელყოფაზე, არამედ, ჟურნალისტების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.
„ჟურნალისტის მუშაობა რეგიონებში აღარ უკავშირდება მხოლოდ ინფორმაციის თავისუფლების პრობლემებს, არამედ სიცოცხლისთვის საშიში ხდება“ - განაცხადა მამალაძემ და დასძინა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებში პრეზიდენტისა და მინისტრების შეხვედრების გაშუქებისას მწვავდება.
მათი თქმით, ასევე, ხშირად იქმნება სიტუაცია, როდესაც გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებისთვისაა, სხვები კი, ცემა-ტყეპის ობიექტები ხდებიან.
ჟურნალისტების განცხადებით, მათზე ძალადობის არცერთ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
შეხვედრაზე წარმოადგინეს ვიდეოკოლაჟი, სადაც ზეწოლის ფაქტები და დაზარალებული ჟურნალისტების ინტერვიუებია ასახული.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტები შემცირდება.
