საიას კვლევამ ქალაქების რეაბილიტაციის პროცესში თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვა დააფიქსირა
საიას კვლევამ ქალაქების რეაბილიტაციის პროცესში თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვა დააფიქსირა
13:20 11.05.2012
„საქართველოს ახალგადაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პროექტის - „ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში  მომზადებული კვლევის - „რეაბილიტაცია ფასადს მიღმა“ პრეზენტაცია გამართა.

კვლევა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული ნაწილების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმოხილვას ეხებოდა. კვლევა 4 არაკომერციული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეხება - „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“, „თბილისის განვითარების ფონდი“, „ბათუმის ისტორიული განვითარების ფონდი“, „ქუთაისის ისტორიული განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდი“.

როგორც საია-ს იურისტებმა პრეზენტაციაზე განაცხადეს, რეაბილიტაციის მიმდინარეობის კვლევის პროცესში არაერთი პრობლემური საკითხი დაფიქსირდა - პროცესი გაუმჭვირვალედ და საზოგადოებისგან იზოლირებულად მიმდინარეობდა. ფონდები დამოუკიდებლად წყვეტდნენ, თუ რა პრინციპით შეერჩიათ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო კომპანია.

კვლევაში ასევე დაფიქსირებულია, რომ წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან, ორი ფონდისთვის გადაცემული თანხების ჯამი 288 მლნ ლარს აჭარბებს და ეს თანხები გაუმჭვირვალედ დაიხარჯა. ასევე, რიყის ტერიტორიის ჯერ გასხვისებითა და შემდეგ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ უკან გამოსყიდვით, თბილისის ბიუჯეტმა ჯამში 15 მლნ ლარზე მეტით იზარალა.

საია-ს იურისტის სულხან სალაძის თქმით, აღნიშნული კვლევა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა, რომლის მოპოვებაც ძალიან რთული იყო. ხშირ შემთხვევაში, მათ დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვაზე სასამართლოს სარჩელითაც მიმართეს.

საია მოუწოდებს თბილისის მერიას, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“, ასევე, „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ დედაქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების ხარჯვასთან. ამასთან, ხელმისაწვდომი გახადოს ფონდების მიერ წლების განმავლობაში დამფუძნებლისთვის ფონდის საქმიანობის შესახებ წარდგენილი ანგარიშები. ასევე, ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისის და ბათუმის მერიის მხრიდან ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ინფორმაცია ქალაქების ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ.

ბეჭდვა