საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ დღეს შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონული მედიის წინაშე არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრას რეგიონული მედიის ის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებსაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას კონკრეტული პრობლემები შეექმნათ.
ასევე, ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ჟურნალისტებზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტებს ასახავს.
შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
