ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ფართების უპირობოდ დაკანონების მოთხოვით, საპროტესტო აქციებს მომავალ კვირაში, საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ორგანიზატორმა პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა, ისინი დღეს ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მისი თქმით, გაირკვა, რომ ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართა.
„ეს არ არის საკმარისი. მომავალ ხუთშაბათს აქცია ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება. ეს აქციები საკითხის გადაწყვეტამდე გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება“ - განაცხადა გიორგი ლაღიძემ.
მისივე თქმით, ბინათმოსარგებლეები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის წერილს ამზადებენ.
„პროცესებს დაახლოებით ორი კვირა დავაკვირდებით. ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. სხვა შემთხვევაში, უფრო რადიკალურ ზომებზე გადავალთ“ - აღნიშნა ლაღიძემ.
ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, 4 თვეა საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.
