საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა "ევროპული წიგნი: საქართველო" გაიხსნა. ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა ევროპის დღეს მიეძღვნა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალები პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან ფილიპ დიმიტროვთან ერთად დაათვალიერა.
"გამოფენაზე წარმოდგენილი მასალები ჩვენი მემკვიდრეობის მცირე ნაწილია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო ყოველთვის, როდესაც კი ამის საშუალებას ურთულესი ისტორია და სახელმწიფოებრიობა აძლევდა ევროპის ერთიანი სივრცის, ღირებულებების და კულტურის ნაწილი იყო. ასეთი გამოფენები წარმოაჩენს რამდენად ღრმად მიდის საქართველოს ევროპული იდენტურობა და ჩვენ უცხოელ მეგობრებს ეხმარება გააზრებაში, რომ საქართველო არა 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ქვეყანა, არამედ უძველესი ევროპული კულტურის და ტრადიციების მატარებელი სახელმწიფოა" - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით მოეწყო.
