ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სტუდენტური ხმა“ თავისუფალი და სამართლიანი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მოთხოვნით უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქცია გამართა.
როგორც „სტუდენტური ხმის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ფაცაციამ „ნიუსპრესთან “ საუბარში განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არათანაბარ პირობებში არიან.
მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მხოლოდ მოქმედ თვითმმართველობას -„ერთიან სტუდენტურ მოძრაობას“ აფინანსებს.
„გვინდა არჩევნები გამჭვირვალე იყოს და წინა წლების მსგავსად, მასშტაბურად არ გაყალბდეს. ადმინისტრაციამ „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ მსგავსად, ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიაც უნდა დააფინანსოს, რადგან ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რაც მოქმედ თვითმმართველობას აქვს. ეს კი, არათანაბარ პირობებში გვაყენებს“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ფაცაციამ.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მოქმედ თვითმმართველობას ძალოვანი სტრუქტურები ეხმარებიან, რომლებიც „სტუდენტური ხმის“ წევრებზე თვალთვალს და დაშინების ღონისძიებებს ახორციელებენ.
გარდა იმისა, რომ „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას პიარს უკეთებს, მათი თქმით, კონკურენტი ძალის კამპანიას უშლის ხელს.
სტუდენტების განმარტებით, საარჩევნო სტიკერები, რომლებიც „სტუდენტური ხმის“ წევრებმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს, „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წევრებმა მაშინვე ჩამოხიეს.
თვითმმართველობის არჩვენები თსუ-ში 13 მაისს გაიმართება და მასში მხოლოდ ორი ახალგაზრული მოძრაობა - „სტუდენტური ხმა“ და „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“ მიიღებენ მონაწილეობას.
