უკიდურესად გაჭირვებული პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად დღეს ფინანსების შეგროვება დაიწყება.
საქველმოქმედო აქციის - „მადლის ქისა“ ორგანიზატორი „პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდია“.
როგორც ფონდის დამფუძნებელმა კოტე ინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფულის შეგროვების პროცესი 4 დღე გაგრძელდება.
მისი განმარტებით, ფულს ქალაქის სხვადასხვა უბნებში პატიმრის ტანსაცმელში ჩაცმული 20-მდე გოგონა შეაგროვებს.
საქველმოქმედო აქცია დღეს კინოს სახლიდან დაიწყება და საბურთალოზე ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“, ვაკის „გუდვილთან“, „თბილისი ცენტრალთან“ და „ქარვასლასთან“ გაგრძელდება.
ხვალ აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა ბანკებს ესტუმრებიან, 12 მაისს ფულის შეგროვება ბაზრობის ტიპის დაწესებულებებთან არის დაგეგმილი, რაც შეეხება 13 მაისის გეგმას, აქციის ორგანიზატორთა თქმით, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
როგორც ფონდის თავმჯდომარემ სალომე აბულაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, შეგროვილი თანხის განაწილებისას პრიორიტეტი იმ პატიმრებს მიენიჭებათ, რომლებსაც ჯანმრთელობის განსაკუთრებულად რთული მდგომარება აქვთ.
მისივე თქმით, პატიმართა ოჯახებმა დახმარების მიღების მიზნით ფონდს თავად უნდა მიმართონ.
