საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ომის ვეტერანს, აკადემიკოს შოთა გამყრელიძეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შაშკინმა გამყრელიძეს ქართულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი შოთა გამყრელიძე ფსიქიატრიის დამოუკიდებელი მიმართულების - კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელია. მას მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და კემბრიჯის უნივერსიტეტის ვერცხლის მედალიც აქვს მიღებული. აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიის წევრია.
საქართველო დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავს აღნიშნავს. ხელისუფლების წევრებმა და პოლიტიკოსებმა ეს დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცეს და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს. დღეს საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდა და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
