მაჭავარიანმა პარლამენტში ვეტერანებს უმასპინძლა
მაჭავარიანმა პარლამენტში ვეტერანებს უმასპინძლა
18:43 09.05.2012
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი საკანონმდებლო ორგანოში მეორე მსოფლიო ომის 151 ვეტერანს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის გერმანიაში ვიზიტის გამო, მაჭავარიანმა ვეტერანებს დავით ბაქრაძის მისალოცი წაუკითხა.
"დღეს ჩვენს ქვეყანას კვლავ უწევს ბრძოლა აგრესორის წინააღმდეგ. ჩვენ კვლავ ვიბრძვით საქართველოს კეთილდღეობისა და გამთლიანებისთვის. სწორედ თქვენნაირი ადამიანების თავდადების მაგალითი გვარწმუნებს, რომ ეს ბრძოლა უეჭველად წარმატებით დასრულდება" – ნათქვამია ბაქრაძის ვეტერანებისადმი მიმართვაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა.

"ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში ასეულობით ათასი შვილი გაგზავნა, რომელთა დიდი ნაწილი უკან არ დაბრუნებულა, რაც უდიდესი მსხვერპლია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის" – აღნიშნულია ბაქრაძის მიმართვაში.

მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პარლამენტი ვეტერანებს 1996 წლიდან მასპინძლობს, რაც პარლამენტის ყოფილი სპიკერის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ინიციატივა იყო.

"ჩვენ ვადასტურებთ პატივისცემას ვეტერანების მიმართ და რისი გაკეთებაც შეგვეძლება მათთბის, ყოველთვის გავაკეთებთ" – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ბეჭდვა