მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
18:37 09.05.2012
ევროპის დღისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო კონკურსებში გამარჯვებულები დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა დააჯილდოვეს.

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპული ქვეყანაა და იმ იდეალებს იზიარებს, რასაც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა.

„ბავშვები ჩვენი მომავალია. ეს ხელისუფლება ძალაუფლებას მათ გადასცემს. ამ ბავშვებმა ქვეყანა იმ იდეალებისა და ფასეულობების გათვალისწინებით უნდა მართონ, რომელსაც ევროპული ქვეყნები იზიარებენ“-განაცხადა შაშკინმა.

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, საქართველო ევროპას კარგად იცნობს. „ძალიან მომწონს იდეა - „თბილისი ევროპული ქალაქი“. ამ ნამუშევრებით თქვენი ქვეყნის წარსულისა და მომავლის დაკავშირება ძალიან კარგად შეძელით. თქვენ ნათელ მომავალს ნამდვილად იმსახურებთ“-აღნიშნა დიმიტროვმა.

ფოტონამუშევრებისა და ნახატების კონკურსი „თბილისი - ევროპული ქალაქი“ და ინტერნეტ-ვიქტორინა „მე ვიცნობ ევროპას“ განათლების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და 6 ათასამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

გამარჯვებულები პერსონალური კომპიუტერებით და წიგნებით გამოცემიდან „100 ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“ დაასაჩუქრეს. ასამდე ნამუშევრის ავტორებს დიპლომები გადაეცათ.

ბეჭდვა