უკიდურესად გაჭირვებული პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად ხვალიდან ფულის შეგროვება დაიწყება.
საქველმოქმედო აქციის - „მადლის ქისა“ ორგანიზატორი „პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდია“.
როგორც ფონდის დამფუძნებელმა კოტე ინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფულის შეგროვება ხვალიდან დაიწყება და ის 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მისი განმარტებით, ფულს ქალაქის სხვადასხვა უბნებში პატიმრის ტანსაცმელში ჩაცმული 20-მდე გოგონა შეაგროვებს.
საქველმოქმედო აქცია ხვალ კინოს სახლიდან დაიწყება და ის საბურთალოზე ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“, ვაკის „გუდვილთან“, „თბილისი ცენტრალთან“ და „ქარვასლასთან“ გაგრძელდება.
11 მაისს აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა ბანკებს ესტუმრებიან, 12 მაისს ფულის შეგროვება ბაზრობის ტიპის დაწესებულებებთან არის დაგეგმილი, რაც შეეხება 13 მაისის გეგმას, აქციის ორგანიზატორთა თქმით, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
როგორც ფონდის თავმჯდომარემ სალომე აბულაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, შეგროვილი თანხის განაწილებისას პრიორიტეტი იმ პატიმრებს მიენიჭებათ, რომლებსაც ჯანმრთელობის განსაკუთრებულად რთული მდგომარება აქვთ.
მისივე თქმით, პატიმართა ოჯახებმა დახმარების მიღების მიზნით ფონდს თავად უნდა მიმართონ.
სალომე აბულაძემ აღნიშნა, რომ ფონდში შეტანილი შემოწირულობებით ისინი უკვე 60 პატიმარს ერთჯერადად 50–50 ლარით დაეხმარნენ.
ფონდში ასევე აცხადებენ, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მე-3, ხოლო ევროპაში პირეველ ადგილზეა, პატიმართა ოჯახების უმრავლესობა კი გაჭირვების ზღვარს მიღმა იმყოფება. მათივე თქმით, აქედან გამომდინარე, პატიმრების დასახმარებლად საზოგადოების კონსოლიდირება აუცილებელია.
