სოციალური დახმარების მიმღები ბენეფიციარები ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით და საარსებო შემწეობით სარგებლობას სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან
ორ თვეში შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის გადაწვეტილება 1 ივლისიდან შევა ძალაში.
ამ დრომდე მოქალაქე, რომელსაც სოციალური დახმარების მიღებისთვის საჭირო სარეიტინგო ქულა ენიჭებოდა, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს 5-6 თვის შემდეგ იღებდა, ხოლო ფულადი შემწეობა მას 3 თვის შემდეგ ეძლეოდა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილების განხორციელება მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილის სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ გადაწყდა. მათივე ინფორმაციით, მინისტრთან საუბრისას ბევრმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან სოციალური დახმარების მიღებამდე რამდენიმე თვიანი ლოდინი უწევდათ, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
