საქართველო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავს აღნიშნავს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შედეგად, ევროპაში მე-2 მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
კაცობრიობის ისტორიაში მე-2 მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. აზიაში ის იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს, ხოლო ევროპაში, 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთზე გერმანიის თავდასხმით დაიწყო.
მე-2 მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი აზია-წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა იყო. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკასა და გრენლანდიაზე, სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, ტიბეტსა და ანტარქტიდაზედაც კი.
მე-2 მსოფლიო ომმა 62 მლნ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მეორე მსოფლიო ომში 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა.
ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია როგორც ძლიერი სახელმწიფოები მსოფლიოს გამოეთიშნენ.
ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და სსრკ-ს მას შემდეგ ჰქონდათ, რაც 1940 წელს გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო. დიდი ბრიტანეთი კი, გერმანიის დამარცხებას ვერ ახერხებდა.
ომში 72 სახელმწიფო და დედამიწის მოსახლეობის 80% მონაწილეობდა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
შეიარაღებულ ძალებში 110 მლნ კაცი იყო მობილიზებული. სამხედრო ხარჯებმა და ზარალმა 4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
8-9 მაისი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს გამოაცხადა.
უპირობო კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22 საათსა და 45 წუთზე მოეწერა, ამ დროს მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო. აქედან გამომდინარე, პოსტსაბჭოთა სივრცეში გამარჯვების დღედ 9 მაისი აღინიშნება.
1975 წლის 9 მაისს, თბილისში, ვაკის პარკში ძეგლი - უცნობი ჯარისკაცის საფლავი გაიხსნა.
