გიორგი გამცემლიძის მამამ ხალხს „სააკაშვილის რეჟიმის“ შეცვლისკენ მოუწოდა
გიორგი გამცემლიძის მამამ ხალხს „სააკაშვილის რეჟიმის“ შეცვლისკენ მოუწოდა
16:40 08.05.2012
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდა დღეს მოსახლეობას 4 წლის წინ გარდაცვლილი გიორგი გამცემლიძის მამამ, მოქალაქე ჯამბულ გამცემლიძემ.
გიორგი გამცემლიძის გარდაცვალების 4 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საპროტექსტო აქცია ზანდუკელის #4-ში გაიმართა.
ჯამბულ გამცემლიძის განცხადებით, დღევანდელი დღე მისი შვილისა და ყველა იმ დაღუპულის ხსოვნისადმი პატივისმიგებაა, რომლებიც არსებულმა რეჟიმმა ქუჩაში მოკლა.
„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ რეჟიმის მეთაური მიხეილ სააკაშვილი დაგვცინის, როდესაც მისი მინისტრი მერაბიშვილი აცხადებს, რომ 4 წელია არავინ მოუკლავს“- განაცხადა გამცემლიძემ.
მისი თქმით, ქუჩის მკვლელობებმა ციხეებში გადაინაცვლა და ახლა გარდაცვლილები ყოველდღე ციხიდან გამოჰყავთ.
„ამ დროს კი, მიხეილ სააკაშვილი გიორგობის დღესასწაულზე ვანო მერაბიშვილს წმინდა გიორგის ორდერით აჯილდოებს. ეს არის ცინიზმი, რასაც ქართველი ხალხი წინ აღუდგება და ამ რეჟიმს ოქტომბერში გაისტუმრებს“ - აღნიშნა გამცემლიძემ.
32 წლის გიორგი გამცემლიძე 2008 წლის 8 მაისს, ზანდუკელის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გამცემლიძემ ავტომობილის მართვისას საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. პატრულმა მას გაჩერება მოსთხოვა, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა. შეიარაღებულმა მძღოლმა მანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა. გამცემლიძე პოლიციელის გაფრთხილებას ისევ არ დაემორჩილა, რის შედეგადაც პოლიციელმა ვახტანგ აბუაშვილმა მისი მიმართულებით ისროლა. გამცემლიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბეჭდვა