განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე რუსთავის იუსტიციის სახლში Summer Job“-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ.
სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი მიზანი მათი გაცნობა და დამსაქმებლებისა და შეთავაზებული სამუშაოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იყო.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურში იმუშავებენ, მათ შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, ეროვნულ არქივში, ნოტარიუსთა პალატაში და ა.შ.
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო 320 სტუდენტს დაასაქმებს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, Summer Job-ის ფარგლებში საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება. მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.
