საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს დააფინანსებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასაფინანსებელი პროექტები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგად გამოვლინდება.
კონკურსის მიზანი, საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ქართველ მკვლევართა სამეცნიერო შედეგების უცხოელი კოლეგებისათვის გაცნობა და ამ გზით ქართველ მეცნიერთა მსოფლიო პროცესებში ინტეგრაციაა.
კონკურსში მონაწილეობა აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებს შეუძლიათ. კონკურსი 2012 წლის 17 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ სამეცნიერო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 30 000 ლარით დააფინანსებს.
