თბილისის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ორი ახალი სოციალური საცხოვრებელი აშენდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში აშენდება და ის ორ სამსართულიან კორპუსს მოიცავს.
მშენებლობა 2013 წლის თებერვალში დასრულდება და ბინებით 24 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო “სოციალური სახლების“ პროგრამას 2007 წლიდან ახორციელებენ.
მერიის ინფორმაციით, ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში კოტეჯის ტიპის 6 სახლი აშენდა, რომელშიც 52 სოციალურად დაუცველი ოჯახი შესახლდა.
სოციალური სახლების გამოყოფის თხოვნით მოქალაქეები მერიას მიმართავენ. მათ განაცხადს სპეციალური კომისია განიხილავს. კომისია სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ამოწმებს და იმ ბენეფიციარებს ავლენს, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან.
