თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ 40 წლის უსახლკარო ქალბატონს მოყინვის გამო ტერფის ამპუტაცია დასჭირდა.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ქალბატონს, რომელიც მერიის პროგრამაში იყო ჩასმული, მარჯვენა ტერფის 3 თითის ამპუტაცია ჩაუტარდა.
მისივე ინფორმაციით, სტაციონარში ამჟამად მოყინვის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გუგა ქაშიბაძის თქმით, უახლოეს დღეებში ქირურგიული ჩარევები დანარჩენ პაციენტებზეც იგეგმება.
მოყინვის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში შეყვანილი 4 პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
